|
თიბისი გალერეაში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის, "მოგზაური ნოტები 2012" ფარგლებში, კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა მუსიკოსებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ასევე წეროვანის პირველი საჯარო სკოლის სასულე ორკესტრმა, რომელიც 2010 წელს დააფუძნა თიბისი ფონდმა.
ეს არის პირველი შერეული სასულე ორკესტრი საქართველოში, რომელიც აერთიანებს 14-დან 18 წლამდე დევნილ ბავშვებს. ორკესტრის დაარსებიდან დღემდე ბავშვების მუსიკალურ განათლებას უზრუნველყოფს თიბისი ფონდი. საერთაშორისო მუსიკის ფესტივალში მონაწილეობა წეროვანის სკოლის საბავშვო ორკესტრისათვის პირველი სერიოზული მიღწევაა.
ფესტივალის ფარგლებში თბილისში სამი კონცერტი გაიმართა. ასევე პროფესიონალმა პედაგოგებმა ჩაატარეს მასტერკლასები.
ფესტივალი "Traveling Notes" 2007 წელს დაარსდა. მისი მიზანია კულტურული კავშირების გაფართოება და გამყარება სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდა მუსიკოსებს შორის. დაფუძნებიდან დღემდე ფესტივალმა შეკრიბა და ერთმანეთთან დააკავშირა 400 ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან. ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდა მუსიკოსებს უტარდებათ მასტერკლასები და ასევე ეძლევათ საშუალება, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი.
|