მავნე პროგრამები

ზოგადი ინფორმაცია:

ალბათ გსმენიათ ტერმინები: ვირუსი, ტროიანი, რენსომი და ასე შემდეგ, სახელწოდებების დიდი სია არსებობს. ესენი წარმოადგენს მავნე პროგრამების ტიპებს რომელთაც გააჩნიათ სპეციფიური დანიშნულება და გამოიყენება სხვადასხვა მიზნით. კიბერ დამნაშავეებს, აღნიშნული მავნე პროგრამებით კომპიუტერის ან მობილური მოწყობილობის ინფიცირების შემთხვევაში, შესაძლებლობა ეძლევათ წვდომა მოიპოვონ კონფიდენციალურ ან პირად ინფორმაციასთან რომელიც მოთავსებულია ამა თუ იმ მოწყობილობაში.

ქვემოთ მოცემული ღია წერილი ემსახურება ცნობიერების ამაღლების მიზანს, თუ რა საფრთხის შემცველია მავნე პროგრამის მოხვედრა თქვენს კუთვნილ მოწყობილობაში და რაც მთავარია როგორ დავიცვათ თავი მისგან.


რა არის მავნე პროგრამა, ე.წ. მალვეარი (Malware)

მარტივად რომ ვთქვათ, მალვეარი ან მავნე პროგრამა არის ისეთივე პროგრამული უზრუნველყოფა რომელსაც ყოველდღიურად იყენებთ (Word, Excel, Outlook, Google Chrome, Internet Explorer და ა.შ.) და რომელიც მრავლად არის თქვენს კუთვნილ მოწყობილობაში, იქნება ეს სახლის კომპიუტერი, ლეპტოპი თუ მობილური ტელეფონი. მაშინ რა არის მთავარი განმასხვავებელი ზემოთ აღნიშნულ უსაფრთხო პროგრამებსა და მავნე პროგრამას შორის?! - მალვეარი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, შემქმნელს - კიბერ დამნაშავეს, მისცეს კონტროლის უფლება მოწყობილობაზე. მავნე პროგრამის დაყენების შემთხვევაში, ბოროტმოქმედს საშუალება ეძლევა მოიპოვოს წვდომა პირად ფაილებზე, ონლაინ სივრცეში თქვენს აქტივობის ამსახველ ინფორმაციაზე, პაროლებზე, ფინანსურ მონაცემებზე ან გამოიყენოს თქვენი კუთვნილი მოწყობილობა სხვისთვის ზიანის მისაყენებლად. მავნე პროგრამას შეუძლია შეგიზღუდოთ წვდომა, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ „მძევლად აიყვანოს" თქვენი კუთვნილი ფაილები და მოგთხოვოთ „გამოსასყიდი" მათ გასათავისუფლებლად. არსებობს მოსაზრება რომ მავნე პროგრამები საფრთხეს უქმნის მხოლოდ Windows ის მომხმარებლების, რაც ნამდვილად არ შეესაბამება რეალობას. სამწუხაროდ მავნე პროგრამების გავრცელების არეალი საკმაოდ დიდია და მოიცავს ისეთ მოწყობილობებს როგორიც არის მობილური ტელეფონები, სათვალთვალო კამერები, WiFi გადამცემები და ავტომობილებიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ Apple ან სხვა პოპულარული კომპანიების ის პროდუქციაზე. რაც უფრო მეტი მოწყობილობის დაინფიცირებას შეძლებს ბოროტმოქმედი მით უფრო დიდია შემოსავლის რაოდენობა, შესაბამისად ნებისმიერი მომხმარებელი წარმოადგენს მავნე პროგრამის სამიზნეს, განურჩევლად ფინანსური შესაძლებლობის, კონფიდენციალური ინფორმაციის არსებობის თუ საზოგადოებრივი სტატუსისა.


დაიცავი თავი მავნე პროგრამისგან

არსებობს პოპულარული მოსაზრება: - მავნე პროგრამით ინფიცირებისგან თავის დასაცავად საკმარისია ძლიერი „ანტი-ვირუსის" გამოყენება. სამწუხაროდ ესეც არ შეესაბამება რეალობას, რადგან დღეს არსებული ვერც ერთი ან თუნდაც რამდენიმე „ანტი-ვირუსი" ვერ დაგიცავთ ყველა სახის მალვეარისგან. ერთის მხრივ, კიბერ დამნაშავეები და შესაბამისად მავნე პროგრამები, განიცდიან მუდმივ ევოლუციას, განუწყვეტლივ ეძებენ უსაფრთხოების სისტემებისთვის თავის არიდების მეთოდებს და ისტორიულად ცნობილია რომ მუდმივად ახერხებენ ამას. მეორეს მხრივ, ანტი-ვირუსის მწარმოებელი კომპანიები მუდმივად ცდილობენ განაახლონ თავიანთი პროდუქცია და შეიმუშაონ უკეთესი დაცვის მექანიზმები. მავნე პროგრამების შემქმნელების წინააღმდეგ ბრძოლა დაემსგავსა რბოლას რომელშიც „ცუდი ბიჭები" ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ არიან. რადგან ინფორმაციის უსაფრთხოებას მხოლოდ ანტი-ვირუსს ვერ ვანდობთ საჭიროა პრევენციის დამატებითი გზები ვეძებოთ:

  • მავნე პროგრამები უმეტეს შემთხვევაში იყენებენ მოწყობილობაში ჩატვირთული სისტემების სისუსტეებს. რაც უფრო ახალია სისტემა, მით უფრო ნაკლებია ინფიცირების შესაძლებლობა და რთულია სისტემაში შეღწევა. შესაბამისად დარწმუნდით რომ ოპერაციული სისტემა, პროგრამები, ინტერნეტ ბრაუზერი და თავად მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფა განახლებულია მაქსიმალურ შესაძლო ვერსიამდე
  • კომპიუტერის ან მობილირი მოწყობილობის ინფიცირების დაცდილ და მუშა მეთოდს წარმოადგენს ყალბი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა რომელიც ნამდვილის ანალოგია და ხშირად გამოცდილი პროფესიონალსაც უჭირს განსხვავების პოვნა. ასეთი იმიტაციური პროგრამების გავრცელების მეთოდს წარმოადგენს ინტერნეტ გვერდები, ელექტრონული ფოსტა, SMS შეტყობინებაც კი სადაც მოთავსებულია პირდაპირ მავნე პროგრამა ან ყალბი ბმული. ყოველთვის დარწმუნდით, რესურსი რომლის გამოყენებასაც აპირებთ სანდო წყაროსგან მოიძიეთ ან თქვენთვის ნაცნობ ინტერნეტ მისამართზეა განთავსებული, ნუ ენდობით მობილურ აპლიკაციებს რომლებსაც არ აქვთ დადებითი შეფასება, აქვს მცირე რაოდენობის გადმომწერი ან იშვიათად ახლდება.
  • არ გამოიყენოთ ე.წ. Root და JailBreak მეთოდები მობილურ ტელეფონებში. აღნიშნული სისტემები ანეიტრალებს მობილური მოწყობილობის მწარმოებლის მიერ ქარხნულად ჩაშენებულ დაცვის მექანიზმებს და მავნე პროგრამების გავრცელებას უწყობს ხელს.
  • ყურადღება მიაქციეთ და ხშირ შემთხვევაში უმჯობესია თავი შიკავოთ პროგრამებისგან რომლებიც ჩვეულებრივზე მეტ უფლებას ითხოვენ მობილურ მოწყობილობაზე ან კომპიუტერზე. ყოველთვის გადაამოწმეთ ბმულის სისწორე და სანდოობა როდესაც ცდილობთ პროგრამული უზრუნველყოფის გადმოწერას ინტერნეტიდან. ნუ გადმოწერთ მობილურ აპლიკაციას გარდა ოფიციალური პროგრამული უზრუნველყოფის მაღაზიისა.
  • თუ მიიღეთ შეტყობინება ელექტრონული ფოსტით ან SMS-ის საშუალებით რომელიც გთხოვთ მიმაგრებული ფაილის გადმოწერას ან ბმულზე გადასვლას, დაფიქრდით სანამ ნაბიჯს გადადგამთ. დააკვირდით გამომგზავნს და დარწმუნდით მის სანდოობაში, ეჭვის არსებობის შემთხვევაში პირადად დაუკავშირდით მას და გადაამოწმეთ შემოსული შეტყობინების სისწორე, იქნება ეს ორგანიზაცია თუ ნაცნობი ადამიანი. დააკვირდით შეტყობინების ტექსტს, თუ ის გიქმნით სიჩქარის განწყობას ან ზედმეტად კარგად ჟღერს, არსებობს ინფიცირების შანსი. საღი აზრი ხშირ შემთხვევაში საუკეთესო იარაღია მავნე პროგრამების წინააღმდეგ ბრძოლაში
  • რეგულარულად განახორციელეთ პირადი ფაილების და ინფორმაციის სარეზერვო კოპირება, ე.წ. ბექაფი (Backup). სარეზერვო ფაილები შინახეთ ინტერნეტთან მიერთებული მოწყობილობების გარეთ, მაგალითად მეხსიერების მატარებლებზე (External Drive). ამით თავს დაიზღვევთ მავნე პროგრამის გავრცელებისგან იმ შემთხვევაში თუ ძირითადი მოწყობილობა დაინფიცირდა. სარეზერვო კოპირება ხშირ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია დაინფიცირებული ინფორმაციის აღსადგენად