ბანკი რესპუბლიკა თიბისი ბანკმა 2016 წლის ოქტომბერში შეიძინა და ამ პერიოდიდან დაიწყო ბანკების შერწყმის პროცესი. გაერთიანება დასრულდება 2017 წლის 6 მაისს, ხოლო იურიდიულად -  8 მაისს. ორი ბანკის გაერთიანების შემდეგ დარჩება მხოლოდ თიბისი ბანკის ბრენდი, შესაბამისად, ბანკ რესპუბლიკის ფილიალები თიბისის ბრენდქვეშ გააგრძელებს მუშაობას. 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბანკი რესპუბლიკის ბარათების თიბისი ბანკის ბარათებით ჩანაცვლების პროცესი. 6 მაისამდე ბიზნეს ბარათების მფლობელებმა უნდა მიაკითხონ ფილიალებს და აიღონ მათთვის უფასოდ დამზადებული თიბისის ბარათები, რადგან 6 მაისის შემდეგ მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ გამოიყენონ ბანკი რესპუბლიკის ბარათები. დეტალების დასაზუსტებლად შეგიძლიათ მიმართოთ ორივე ბანკის ქოლ ცენტრს 2 27 27 27 ან 2 90 90 90.

რაც შეეხება, მიმდინარე სასესხო და სადეპოზიტო ხელშეკრულებებს, ისინი განახლებას არ საჭიროებს. ვადის ამოწურვამდე მომხმარებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ისარგებლებს. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტების/მომსახურების ხელშეკრულების განახლება/ახლის გაფორმება გახდება საჭირო, მომხმარებლებთან კომუნიკაცია ინდივიდუალურად განხორციელდება.
 
ბანკი რესპუბლიკის მომხმარებლები სრულად შეძლებენ თიბისი ბანკის როგორც საოპერაციო, ასევე საკრედიტო პროდუქტებითა და მომსახურებით სარგებლობას.

დოკუმენტში განხილულია მხოლოდ ის საკითხები, რომლებსაც გარკვეული ცვლილებები შეეხება ბანკების გაერთიანებიდან გამომდინარე.


მიმდინარე ანგარიშები

როგორ მოხდება ბანკ რესპუბლიკაში არსებული კომპანიის ანგარიშების გადატანა თიბისი ბანკში?

  • 7 აპრილიდან, თქვენი კომპანიისათვის, თიბის ბანკში ავტომატურად გაიხსნა ბანკ რესპუბლიკაში არსებული ანგარიშების შესაბამისი ახალი ანგარიშები, მიუხედავად იმისა, უკვე სარგებლობთ თუ არა თიბისი ბანკის ანგარიშებით. აღნიშნულ ანგარიშებს ექნება ახალი რეკვიზიტები (SWIFT და IBAN), რომლის მიღება შესაძლებელი იქნება როგორც თიბისის ინტერნეტ ბანკის მეშვეობით, ასევე თიბისის ფილიალებში. 

ბანკების გაერთიანების შემდეგ, შესაძლებელი იქნება თუ არა თანხების მიღება ბანკ რესპუბლიკის ანგარიშის ძველ რეკვიზიტებზე?

  • ბანკ რესპუბლიკაში არსებული ანგარიშის რეკვიზიტებზე, გაერთიანებიდან 3 კალენდარული თვის განმავლობაში, შესაძლებელი იქნება გადმორიცხული თანხების მიღება. ამ დროის გასვლის შემდეგ, ბანკ რესპუბლიკის რეკვიზიტებზე თანხის გადმორიცხვის შემთხვევაში, თანხა დაუბრუნდება გადმომრიცხავს. შესაბამისად, გთხოვთ, დროულად მიაწოდოთ ახალი ანგარიშის რეკვიზიტები თქვენს პარტნიორებს.

შეიცვლება თუ არა იურიდიული პირების ანგარიშებზე ტარიფები და საპროცენტო სარგებელი?

  • თუ თქვენს კომპანიას ერიცხება საპროცენტო სარგებელი მიმდინარე ანგარიშზე არსებულ ნაშთზე ბანკ რესპუბლიკაში, დარიცხვა გაგრძელდება თიბისი ბანკში.
  • ბანკ რესპუბლიკიდან თიბისი ბანკში გადატანილი ანგარიშების ტარიფები არ იცვლება.

ანაბრები

იგეგმება თუ არა ცვლილებები ბანკ რესპუბლიკაში არსებულ იურიდიული პირების ანაბრებზე?

  • ბანკ რესპუბლიკაში გახსნილი ვადიანი ანაბრების თიბისი ბანკში გადატანა მოხდება ავტომატურად, პირობების ცვლილებების გარეშე.

ინტერნეტ ბანკი და ბანკი-კლიენტი

ბანკების გაერთიანების შემდეგ, ავტომატურად მოხდება თუ არა ინტერნეტ ბანკის/ ბანკი-კლიენტის სერვისების რეგისტრაცია თიბისი ბანკში?

  • 10 აპრილიდან, ბანკ რესპუბლიკის ინტერნეტ ბანკისა და ბანკი-კლიენტის მომხმარებელ კომპანიებს,  აღნიშნული სერვისის თიბისი ბანკში გასააქტიურებლად, გთხოვთ მიმართოთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს.
  • თუ უკვე სარგებლობთ თიბისის ინტერნეტ ბანკით, 7 აპრილიდან, ავტომატურად შეძლებთ ბანკ რესპუბლიკიდან გადმოტანილი ანგარიშების მართვასა და ოპერაცების წარმოებას. გაერთიანების შემდეგ (6 მაისიდან), ბანკ რესპუბლიკიდან მიგრირებულ ანგარიშებზე არსებული ნაშთები ავტომატურად აისახება თიბისი ბანკში.
  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კომპანია ორივე ბანკის (ბანკი რესპუბლიკა და თიბისი ბანკი) ინტერნეტ ბანკით სარგებლობს, მაგრამ ჰყავს მომხმარებელი, რომელიც არ არის დარეგისტრირებული თიბისის ინტერნეტ ბანკში, გთხოვთ, აღნიშნული მომხმარებლის დამატებისა და შესაბამისი უფლებების მინიჭების განაცხადით მიმართოთ თიბისი ბანკს. 
  • კომპანია, რომელიც ორივე ბანკში სარგებლობს ინტერნეტ ბანკით და ორივე პლატფორმაზე დაფიქსირებული ჰყავს ერთი და იგივე მომხმარებელი, თუმცა, სხვადასხვა უფლებებით, მომხმარებელს შეუნარჩუნდება მხოლოდ თიბისი ბანკში არსებული უფლებები. ბანკ რესპუბლიკის მომხმარებელთა უფლებების შესანარჩუნებლად, გთხოვთ, მომხმარებლისთვის შესაბამისი უფლებების მინიჭების განაცხადით მიმართოთ თიბისი ბანკს.

ავტომატური გადარიცხვის სერვისი და ავტომატური კომუნალური გადახდები

რა შეიცვლება ავტომატური გადარიცხვისა (სთენდინგ ორდერი) და ავტომატური კომუნალური გადახდების სერვისებში ბანკების გაერთიანების შემდეგ?

ბანკ რესპუბლიკის ავტომატური გადარიცხვის სერვისისა (სთენდინგ ორდერი) ან/და ავტომატური კომუნალური გადახდების სერვისის (დაირექტ დებეტი) მომხმარებელი კომპანიები აღნიშნული მომსახურების გაგრძელებას შეძლებთ თიბისი ბანკში.

MT940 და MT101

როგორ მოხდება ბანკ რესპუბლიკის MT940 და MT101 სერვისების გამოყენება ბანკების გაერთიანების შემდეგ?

ბანკ რესპუბლიკის MT940 და MT101 სერვისების მომხმარებელი კომპანიები, აღნიშნული მომსახურების გაგრძელებას შეძლებთ თიბისი ბანკში. გთხოვთ,  MT101 შეტყობინებები გამოაგზავნოთ თიბისი ბანკში და გადამრიცხავ ანგარიშზე მიუთითოთ თიბისი ბანკის IBAN. 

საფულე ჩეკი

შესაძლებელი იქნება თუ არა ბანკ რესპუბლიკაში აღებული საფულე ჩეკით სარგებლობა?

ბანკების გაერთიანების შედეგად უქმდება ბანკ რესპუბლიკის საფულე ჩეკი. თიბისი ბანკის საფულე ჩეკის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს.

მინდობილობები

იმოქმედებს თუ არა ბანკ რესპუბლიკაში წარმოდგენილი მინდობილობები თიბისი ბანკში გახსნილ ანგარიშებზე და პირიქით? 

თუ კომპანიის მინდობილობა დარეგისტრირებული გაქვთ თიბისი ბანკში, შეგიძლიათ აღნიშნული მინდობილობა გაავრცელოთ ბანკ რესპუბლიკიდან გადმოტანილ ანგარიშებზეც. აღნიშნულ საკითხზე თქვენ კომპანიას თიბისი ბანკის წარმომადგენელი დაუკავშირდება. 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კომპანიის მინდობილობა წარმოდგენილია ბანკ რესპუბლიკაში, მისი გადატანა მოხდება თიბისი ბანკში, თუმცა შესაძლოა მისი გააქტიურება არ მოხდეს ავტომატურად. გარკვეულ შემთხვევებში, თქვენ კომპანიას დაუკავშირდება ბანკის წარმომადგენელი მინდობილობის დეტალების დასაზუსტებლად.

საბარათე ანგარიშები

იცვლება თუ არა პირობები ბიზნეს ბარათებზე და როგორ ხორციელდება ბარათების ჩანაცვლების პროცესი? 

კომპანიის ბიზნეს ბარათის ანგარიშები, რომლებიც ლარის, აშშ დოლარისა და ევროსგან განსხვავებულ ვალუტებშია გახსნილი, თიბისი ბანკში მიგრირდება როგორც მიმდინარე ანგარიშები, ხოლო მათზე არსებული ნაშთის ბანკ რესპუბლიკის ბიზნეს ბარათით გამოყენება აღარ იქნება შესაძლებელი.

ბანკ რესპუბლიკაში არსებული ბიზნეს ბარათების ჩანაცვლება თიბისი ბანკის ბიზნეს ბარათებით მოხდება ავტომატურად, ტარიფების ცვლილების გარეშე. ახალი ბიზნეს ბარათის დამზადების თაობაზე თქვენ კომპანიას დამატებით დაუკავშირდება ბანკის წარმომადგენელი, ან პირადი ბანკირი.

ამონაწერი

შეძლებს თუ არა კლიენტი მიიღოს ბანკი რესპუბლიკის ანგარიშების ამონაწერი ბანკების გაერთიანების შემდეგ? 

ბანკ რესპუბლიკაში განხორციელებული ტრანზაქციების ამონაწერის მიღება შესაძლებელი იქნება:

  • ბანკ რესპუბლიკის ინტერნეტ ბანკისა და ბანკი-კლიენტის საშუალებით (2018 წლის 30 აპრილამდე);
  • თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში (6 მაისიდან);
  • თიბისის ინტერნეტ ბანკიდან შეტყობინების გაგზავნით, 6 მაისიდან (ბანკის თანამშრომელი ამონაწერს ინტერნეტ ბანკის საშუალებით გაუგზავნის მომხმარებელს)

საკრედიტო მიმართულება

რა ცვლილებები იგეგმება იურიდიული პირების საკრედიტო მომსახურების მიმართულებით?

ბანკების გაერთიანების შემდეგ, მიმდინარე სესხების პირობები არ შეიცვლება. შესაბამისად,  ცვლილებების შეტანა ხელშეკრულებებში (მათ შორის უზრუნველყოფის ხელშეკრულებების)  დაგჭირდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ახალი  სესხის გაცემა.

ბიზნეს ბარათზე დაშვებული საკრედიტო ლიმიტის ან ოვერდრაფტის დავალიანების არსებობის შემთხვევაში, დასაფარი თანხა აღარ ჩამოიჭრება საკრედიტო ლიმიტიდან. დავალიანების დაფარვა მოხდება თქვენი კომპანიის მიმდინარე ანგარიშზე არსებული დადებითი ნაშთიდან.