Digomi


ბანკი რესპუბლიკა თიბისი ბანკმა 2016 წლის ოქტომბერში შეიძინა და ამ პერიოდიდან დაიწყო ბანკების შერწყმის პროცესი.  გაერთიანება დასრულდება 2017 წლის 6 მაისს, ხოლო იურიდიულად -  8 მაისს.  ორი ბანკის გაერთიანების შემდეგ დარჩება მხოლოდ თიბისი ბანკის ბრენდი, შესაბამისად, ბანკ რესპუბლიკის ფილიალები თიბისის ბრენდქვეშ გააგრძელებს მუშაობას. 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბანკი რესპუბლიკის ბარათების თიბისი ბანკის ბარათებით ჩანაცვლების პროცესი. 6 მაისამდე ბანკი რესპუბლიკის მომხმარებლებმა უნდა მიაკითხონ ფილიალებს და აიღონ მათთვის უფასოდ დამზადებული თიბისის ბარათები, რადგან 6 მაისის შემდეგ მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ გამოიყენონ ბანკი რესპუბლიკის ბარათები. ბარათების ადგილმდებარეობის შესახებ მომხმარებლებს ეტაპობრივად ეგზავნებათ სმს შეტყობინება.  იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ჯერ კიდევ არ მიუღია სმს შეტყობინება, დეტალების დასაზუსტებლად შეუძლია მიმართოს ორივე ბანკის ქოლ ცენტრს 2 27 27 27 ან 2 90 90 90. სახელფასო ბარათების შემთხვევაში, კლიენტებმა უნდა მიმართონ ორგანიზაციებს.  

რაც შეეხება, მიმდინარე სასესხო და სადეპოზიტო ხელშეკრულებებს, ისინი განახლებას არ საჭიროებს. ვადის ამოწურვამდე მომხმარებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ისარგებლებს. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტების/მომსახურების ხელშეკრულების განახლება/ახლის გაფორმება გახდება საჭირო, მომხმარებლებთან კომუნიკაცია ინდივიდუალურად განხორციელდება. 
 
ბანკ რესპუბლიკაში არსებული გარკვეული პროდუქტები, მაგალითად, „პრიზმა", „აბაკუს" და „აბაკუს პრო" ნაკრებები, აღარ იარსებებს. ასევე ბანკი რესპუბლიკის „მეგობარ ანაბარს" ჩაანაცვლებს თიბისის „ჩემი სეიფი" და შესაბამისად, გაუქმდება მეგობარი ანაბრის ბარათები. 

ბანკი რესპუბლიკის მომხმარებლები სრულად შეძლებენ თიბისი ბანკის როგორც საოპერაციო, ასევე საკრედიტო პროდუქტებითა და მომსახურებით სარგებლობას, მათ შორის, განვადებით და ნებისმიერი ტიპის სესხით. ასევე შეძლებენ, მიიღონ სალომბარდო მომსახურება, რაც მანამდე არ იყო ხელმისაწვდომი ბანკი რესპუბლიკის ქსელში. 

დოკუმენტში განხილულია მხოლოდ ის საკითხები, რომლებსაც გარკვეული ცვლილებები შეეხება ბანკების გაერთიანებიდან გამომდინარე.


მიმდინარე ანგარიშები

  • რა ელის ბანკ რესპუბლიკაში არსებულ მომხმარებლის ანგარიშებს? 

ბანკი რესპუბლიკის ანგარიშის ნაცვლად მომხმარებლებს ავტომატურად ეხსნებათ ახალი ანგარიშები თიბისი ბანკში, რომლებსაც ახალი რეკვიზიტები ექნება (SWIFT/IBAN). ხოლო ანგარიშზე არსებული ნაშთები ავტომატურად აისახება თიბისი ბანკში ბანკების გაერთიანების შემდეგ, 6 მაისიდან. 

  • სად უნდა მივიღოთ ანგარიშების ახალი რეკვიზიტები? 

გაერთიანების შემდეგ, მომხმარებელმა საკუთარი ანგარიშის რეკვიზიტების მისაღებად უნდა მიმართოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს. ახალი რეკვიზიტების მიღება გაერთიანებიდან მეორე დღესვე  იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ბარათების ჩანაცვლების პროცესში, ახალი ბარათის აღებისას, ახალი რეკვიზიტები  მომხმარებელს ბანკი რესპუბლიკის ფილიალებში გადაეცემა,  ხოლო თუ მომხმარებელი უკვე სარგებლობს თიბისის ინტერნეტ ბანკით/აპლიკაციით, ანგარიშის რეკვიზიტების ამობეჭდვა/ნახვა შესაძლებელია ინტერნეტ ბანკიდანაც; 

  • შესაძლებელი იქნება თუ არა თანხების ჩარიცხვა ძველ რეკვიზიტებზე ბანკების გაერთიანების შემდეგ? 

გაერთიანებიდან ანუ 6 მაისიდან, 3თვის განმავლობაში მომხმარებელს ძველი რეკვიზიტებით მიღებული თანხები ნებისმიერ ვალუტაში შეფერხების გარეშე ჩაერიცხება ახალ ანგარიშებზე; ხოლო 3თვის შემდეგ ძველ რეკვიზიტებზე ჩარიცხვა აღარ იქნება შესაძლებელი. გადმორიცხული თანხა დაუბრუნდება გადმომრიცხავს.

  • შეძლებს თუ არა კლიენტი მიიღოს ბანკი რესპუბლიკის ანგარიშების ამონაწერი ბანკების გაერთიანების შემდეგ? 

მომხმარებელმა უნდა მიმართოს ფილიალს ან მოგვწეროს შეტყობინება ინტერნეტ-ბანკში, რის საფუძველზეც მათ დაუმზადდებათ ამონაწერი. მომხმარებელს თავადაც შეეძლება ამონაწერის მიღება ბანკი რესპუბლიკის ინტერნეტ ბანკის მეშვეობით  2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით. 

 

  • მოუწევთ თუ არა მომხმარებლებს ანგარიშების დახურვა/გახსნისთვის ფილიალში ვიზიტი, თუ ეს მათი ჩართულობის გარეშე მოხდება?    

ანგარიშის გახსნა-დახურვისათვის მომხმარებლებს ფილიალში ვიზიტი არ მოუწევთ. ბანკ რესპუბლიკაში არსებული ანგარიშების შესაბამისი ანგარიშები თიბისიში იხსნება ავტომატურად. ასევე ავტომატურად გაუქმდება რესპუბლიკაში არსებული ანგარიშები. ეს  ეხება შერწყმის გამო თიბისიში გახსნილ ანგარიშებს. თუ მოხმარებელს სურს, შერწყმამდე  დახუროს ბანკ რესპუბლიკაში არსებული ანგარიში, სტანდარტულად უნდა მიმართოს ფილიალს. იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელი ხურავს ბანკ რესპუბლიკაში ანგარიშს, რომელის შესაბამისი ახალი ანგარიშიც უკვე გახსნილია თიბისი ბანკში, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოს თიბისის ბანკსაც ამ ანგარიშის დასახურად.

  • შეიცვლება თუ არა საოპერაციო ტარიფები ანგარიშებზე? 

ბანკი რესპუბლიკის სტანდარტული საოპერაციო ტარიფები ჩანაცვლდება თიბისი ბანკის სტანდარტული საოპერაციო ტარიფებით, ხოლო არასტანდარტული ტარიფების მქონე მომხმარებლებს ბანკ რესპუბლიკაში არსებული ტარიფი არ შეეცვლებათ;

  • ანგარიშზე თანხის შეტანისა და გამოტანის შემთხვევაში ტარიფები ხომ არ დაწესდება?

გაერთიანების შემდეგ მიმდინარე ანგარიშზე თანხის შეტანასა და გატანაზე დაწესდება თიბისი ბანკში არსებული ტარიფები. 

  • შეიცვლება თუ არა ანგარიშზე ყოველთვიური საკომისიო?

მიმდინარე ანგარიშის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო იქნება 0,9 ლარი თვეში.
მოთხოვნამდე ანაბრის ყოველთვიური მომსახურების საკომისიო შეადგენს 0.9 ლარს და გაერთიანების შემდეგ დაწესდება ყველა შემნახველ ანაბარზე. 

ანაბრები

  • იცვლება თუ არა რესპუბლიკაში არსებული ანაბრის პირობები და საპროცენტო განაკვეთი? 

ვადიან ანაბარზე ანაბრის ვადის ბოლომდე  პირობები და საპროცენტო განაკვეთი უცვლელი დარჩება;  

  • განახლდება თუ არა ანაბარი ავტომატურად, თუკი ეს ფუნქცია ჰქონდა მომხმარებელს არჩეული ბანკ რესპუბლიკაში? 

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს დეპოზიტზე არჩეული ჰქონდა ავტომატური განახლება – დეპოზიტი ავტომატურად არ განახლდება; 

ბარათები

ბანკი რესპუბლიკის  ბარათები:

  • იცვლება თუ არა პირობები ბარათებზე და როგორ ხორციელდება ბარათების ჩანაცვლების პროცესი? 

ბანკი რესპუბლიკის ბარათების ნაცვლად  მზადდება იგივე ან უფრო მაღალი კლასის თიბისი ბანკის ბარათები. მომხმარებლებს შეუნარჩუნდებათ მომსახურების იგივე საკომისიო. ბარათების დისტრიბუციის პროცესი დაწყებულია. ბანკი რესპუბლიკის ბარათის მფლობელებს უფასოდ დაუმზადდათ თიბისი ბანკის ბარათები, რომელთა დისტრიბუცია ხორციელდება ბანკი რესპუბლიკის ფილიალების მეშვეობით. მომხმარებლებს ეტაპობრივად გზავნებათ შეტყობინება მათი ბარათის ადგილმდებარეობის შესახებ. ბარათების გაცემა დასრულდება 6 მაისამდე. სახელფასო ბარათების დისტრიბუციის სქემა განსხვავებულია სხვადასხვა კომპანიებისთვის და შეთანხმებულია სახელფასო ორგანიზაციებთან.

  • მოუწევთ თუ არა ბარათის მომდევნო წლის მომსახურების საკომისიოს გადახდა მომხმარებლებს და რა თანხაა ეს? 

მომსახურების საკომისიოს გადახდა დაიწყება ბანკ რესპუბლიკაში გადახდილი საკომისიოს პერიოდის დასრულების შემდეგ და განისაზღვრება თიბისი ბანკში არსებული საკომისიოების შესაბამისად.

  • რა იცვლება საბარათე ანგარიშების ვალუტებში?

ბანკების გაერთიანების შემდეგ ბარათით შესაძლებელი იქნება მხოლოდ GEL/USD/EUR-ს მულტისავალუტო ანგარიშების გამოყენება. სხვა ვალუტებში (მაგ: GBP, RUR, CHF) არსებული თანხების გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ არასაბარათე (მიმდინარე) ანგარიშებიდან, რომლებიც ავტომატურად გაეხსნებათ მომხმარებლებს თიბისი ბანკში. მიმდინარე ანგარიშები გაიხსნება უფასოდ, არ ექნება მომსახურების ყოველთვიური საკომისიო, ნაშთები გადავა ავტომატურად გაერთიანების შემდეგ და განაღდების ტარიფი იქნება თიბისი ბანკში მიმდინარე ანგარიშების ტარიფების ანალოგიური, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კლიენტი ბანკ რესპუბლიკაში სარგებლობდა არასტანდარტული ტარიფებით. 

  • ბანკ რესპუბლიკაში ფიზიკურ პირებზე არსებული დამატებითი ბარათები (მე-3 პირის) ჩანაცვლდება თუ არა ავტომატურად თიბისის ბარათებით და ვის აქვს უფლებამოსილება, რომ წაიღოს ბარათი?  

დამატებითი ბარათები დამზადებულია ძირითადი მფლობელის სახელზე და შესაბამისად, მათი გატანა შეეძლებათ მხოლოდ ძირითადი ბარათის მფლობელებს.

საკრედიტო ბარათები: 

  • თუ მომხმარებელი ბანკ რესპუბლიკაში სარგებლობს საკრედიტო ბარათებით, ბანკების გაერთიანების შემდგომ ეს ბარათი გადავა თიბისი ბანკში, თუ ახალი მსგავსი ბართი დაუმზადდება? 

თუ კლიენტს ბანკ რესპუბლიკაში აქვს საკრედიტო ბარათი, შერწყმის შემდეგ ეს პროდუქტი ჩანაცვლდება PRIME CARD-ით და თიბისიში კლიენტს ექნება იგივე პირობები, რაც ჰქონდა ბანკ რესპუბლიკაში. მხოლოდ უცხოურ ვალუტაში არსებულ საკრედიტო ბარათებზე შეიცვლება საშეღავათო პერიოდის დათვლის ლოგიკა, რომლითაც ისარგებლებენ ლიმიტის ვადის ბოლომდე. ახალი პირობით, საშეღავათო პერიოდის ათვლა მოხდება საკრედიტო ლიმიტის ათვისებიდან და უპროცენტოდ სარგებლობისთვის ლიმიტიდან გახარჯული თანხის დაფარვა სრულად უნდა მოხდეს 55-ე დღეს. 

  • შეიცვლება თუ არა საპროცენტო განაკვეთები საკრედიტო ბარათებზე?    

საპროცენტო განაკვეთები იგივე დარჩება.

  • იცვლება თუ არა საკრედიტო ბარათებზე დაანგარიშების/დაფარვის თარიღები?

საკრედიტო ბარათებზე მინიმალური გადასახადის დაანგარიშების თარიღი (ბილინგი) თვის ბოლოს ნაცვლად განისაზღვრება ყოველი თვის პირველი სამუშაო რიცხვით, ხოლო დაფარვის თარიღი იქნება დაანგარიშების თარიღს (ბილინგი) +25 დღე. იმ შემთხვევაში, თუ თვის პირველი რიცხვი ან დაფარვის თარიღი (+25 დღე) ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ აღნიშნული თარიღები გადავა მომდევნო დღეს).

  • ავტომატურად მოხდება თუ არა საკრედიტო ბარათის დასაფარად კლიენტის სხვა ანგარიშებიდან თანხების გადატანა? (ქოლექშენი)    

ბანკ რესპუბლიკაში საკრედიტო ბარათის დასაფარად კლიენტის სხვა ანგარიშებიდან   თანხების მოგროვება (ე.წ. ქოლექშენი) ხორციელდებოდა, თუმცა გაერთიანების შემდეგ, თიბისი ბანკში აღარ განხორციელდება ავტომატური დაფარვა და აუცილებელია მომხმარებელმა გაითვალისწინოს, , რომ საკრედიტო ბარათზე დავალიანების დასაფარად, უშუალოდ საკრედიტო ბარათზე უნდა განათავსოს თანხა. 

ბანკომატები

  • ჩანაცვლდა თუ არა რესპუბლიკის ბანკომატები თიბისის ბანკომატებით და როგორი ტარიფებია ბაკომატებიდან თანხის განაღდებისას ? 

ბანკი რესპუბლიკის ბანკომატები თიბისი ბანკის ბანკომატებით უკვე ჩანაცვლდა, ამ ბანკომატებში მოქმედებს განაღდების იგივე ტარიფი, რომლითაც მომხმარებლები სარგებლობდნენ ბანკი რესპუბლიკის ბანკომატებში. სხვაობა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ თიბისის ბანკომატებში შესაძლებელია მხოლოდ ლარისა და დოლარის განაღდება. 

  • იცვლება თუ არა პარტნიორი ბანკები ბანკომატებით სარგებლობისას?

იმ ბანკომატებს, სადაც უკვე გაშვებულია თიბისი ბანკის სისტემა, ეყოლებათ თიბისი ბანკის პარტნიორები 

  • როგორ უნდა გაანაღდოს მომხმარებელმა ბანკი რესპუბლიკის ლოიალობის ქულები? 

იმ მომხმარებლებს, ვისაც დარიცხული ჰქონდათ  ბანკი რესპუბლიკის ლოიალობის ქულები, ეს ქულები თანხის სახით უკვე  ჩაერიცხათ ბანკ რესპუბლიკაში გახსნილ ანგარიშებზე. 

დისტანციური მომსახურება

ინტერნეტ ბანკი

მომხმარებლებმა, რომლებიც ბანკ რესპუბლიკაში სარგებლობდნენ ინტერნეტ ბანკის მომსახურებით, ახალი ინტერნეტ ბანკის დასარეგისტრირებელად უნდა მიმართონ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს ან დაუკავშირდნენ თიბისის ქოლ ცენტრს ნომერზე 2 27 27 27 ფიზიკური პირების ინტერნეტ ბანკის რეგისტრაცია ასევე შესაძლებელია ონლაინ www.tbconline.ge); თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკის რეგისტრაცია ფიზიკური პირებისათვის უფასოა. 

სმს ბანკი

აქტიური ბარათის მფლობელი მომხმარებლები, რომლებიც ბანკ რესპუბლიკაში სარგებლობდნენ სმს სერვისით, გააგრძელებენ მომსახურებას თიბისის სმს სერვისით თიბისი ბანკში არსებული ტარიფებით.  სატარიფო პაკეტის მფლობელების, თიბისის თანამშრომლებისათვის და სახელფასო პროექტში ჩართული ფიზიკური პირებისათვის სმს სერვისი იქნება უფასო. 

საკრედიტო მომსახურება

  • იცვლება თუ არა მიმდინარე სასესხო ხელშეკრულებები? 

მიმდინარე სასესხო ხელშეკრულებები განახლებას არ საჭიროებს. ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე მომხმარებლებს ვემსახურებით მის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული პირობებით;  

  • ბანკების გაერთიანების შემდეგ შეიცვლება თუ არა ბანკ რესპუბლიკაში არსებული სესხის, საკრედიტო ბარათის ან ნებისმიერი სხვა ტიპის საკრედიტო ვალდებულების დაფარვის თარიღები და როდიდან უნდა გადაიხადოს მომხმარებელმა საკრედიტო ვალდებულება თიბისი ბანკში?

ბანკების გაერთიანების შემდეგ საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის თარიღი (საკრედიტო ბარათების გარდა) არ იცვლება. 6 მაისიდან, ბანკების გაერთიანების შემდეგ, ბანკ რესპუბლიკაში არსებული საკრედიტო ვალდებულებების დაფარვა უნდა მოხდეს თიბისი ბანკის ფილიალებსა და დისტანციურ არხებში. 

  • როდიდან შეუძლიათ ბანკი რესპუბლიკის მომხმარებლებს, ისარგებლონ თიბისის სესხებით?  

გაერთიანების შემდეგ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ თიბისის ნებისმიერი მიმართულების  სესხებით, ხოლო თიბისის განვადებების გაცემა ბანკი რესპუბლიკის მომხმარებლებისათვის უკვე შესაძლებელია 1 მარტიდან. მსესხებელი, ბანკების გაერთიანების შემდეგ, ახალი სესხის მოთხოვნის/აღების შემთხვევაში ისარგებლებს თიბისის პირობებით.    

  • რა პირობით გადავა სესხზე არსებული დაზღვევა თიბისიში?

გარკვეულ სასესხო პროდუქტებზე სადაზღვევო პოლისების ხანგრძლივობა არის არაუმეტეს 1 წლისა. მოქმედი პოლისები გადავა იგივე პირობებით, ხოლო პოლისის განახლებისას მომხმარებელს უკვე შევთავაზებთ ახალ პირობებს თიბისის სტანდარტების შესაბამისად. 

  • შენარჩუნდება თუ არა ბანკი რესპუბლიკის სახელფასო კლიენტებზე სესხებთან დაკავშირებული შეღავათიანი პირობები?

მიმდინარე სესხების  დაფარვამდე შენარჩუნებული იქნება მიმდინარე პირობები. 

  • შენარჩუნდება თუ არა ბანკი რესპუბლიკის სესხის წინსწრებით დაფარვის პირობები?

დიახ, თიბისი ბანკშიც იგივენაირად გაგრძელდება, კლიენტს არ შეეცვლება დაფარვის ჩვეული პირობები

  • იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული როგორც თიბისი ბანკში, ასევე ბანკ რესპუბლიკაში, რომელი გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით უნდა გაიცეს განმეორებითი კრედიტი?

განმეორებითი სესხი გაიცემა თიბისი ბანკში მოქმედი გენერალური ხელშეკრულებით. 

  • შეიცვლება თუ არა მომხმარებლებისთვის პროცენტები სესხებზე? 

საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელოვანი ცვლილება არსებულ პროდუქტებზე ამ ეტაპზე არ იგეგმება. 

  • თუ მომხმარებელს აქვს მიმდინარე დავალიანება თიბისი ბანკში და ბანკი რესპუბლიკის ანგარიშების ნაშთები ავტომატურად გადავა გაერთიანების შემდეგ, მოხდება თუ არა თიბისი ბანკში არსებული დავალიანების დაფარვა აღნიშნული თანხებით?    

როგორც საკრედიტო, ასევე საკომისიო დავალიანების დაფარვა მოხდება თიბისი ბანკში არსებული წესის მიხედვით, რაც გულისხმობს იმას, რომ თანხების აკუმულირება მოხდება კლიენტის ყველა ანგარიშიდან, რომელიც თიბისი ბანკში დავალიანების დაფარვის წესით არის განსაზღვრული.

  • რა ცვლილებები შეეხება ოვერდრაფტებს?

პროცენტის დაფარვის საშეღავათო პერიოდი გაიზარდა ერთიდან 40 დღემდე, ამასთან, პროცენტის დაფარვა  მოხდება არა დაშვებული საკრედიტო ლიმიტიდან, არამედ არსებული დადებითი ნაშთიდან ან კლიენტის მიერ განხორციელებული შენატანიდან. ამასთან, ოვერდრაფტის მოქმედების პერიოდში კლიენტს ყოველთვიურად  მოეთხოვება მხოლოდ პროცენტის დაფარვა ნაცვლად ბანკი რესპუბლიკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 100% ძირის დაფარვისა.

სხვა მომსახურება

  • იცვლება თუ არა რაიმე მუდმივ საგადახდო დავალებებსა და ავტომატურ კომუნალურ გადახდებზე? 

არსებულ მუდმივ საგადახდო დავალებებსა და  ავტომატურ კომუნალურ გადახდებზე ცვლილება არ გავრცელდება. ასევე არ ხორციელდება ცვლილებები „მარტივი დაგროვების" სერვისზე. აღნიშნული სერვისებით კლიენტები ისარგებლებენ თიბისი ბანკშიც.

  • ჯარიმების ოდენობა იგივე იქნება ბანკი რესპუბლიკას მომხმარებლებისთვის, რაც თიბისი ბანკშია?

მიმდინარე სესხებზე ჯარიმების  ცვლილება  არ იგეგმება  - შენარჩუნებული იქნება ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობები; იმ შეთხვევაში, თუ ცვლილება განხორციელდა - შეიცვლება მხოლოდ მომხმარებლისთვის გაუმჯობესებული პირობებით. 

  • მოხდება თუ არა ბანკ რესპუბლიკაში არსებული საკომისიო დავალიანებების გადმოტანა თიბისი ბანკში? 

მომხმარებლის სახელზე არსებული საკომისიო დავალიანებები გადავა თიბისი ბანკში. 

  • იმოქმედებს თუ არა ბანკ რესპუბლიკაში წარმოდგენილი მინდობილობები თიბისი ბანკში გახსნილ ანგარიშებზე და პირიქით? 

გაერთიანების შემდეგ სათითაოდ მოხდება მინდობილობების შინაარსის გაცნობა და თუ მინდობილობა იურიდიულად გამართული იქნება, ის შესაბამისად გავრცელდება თიბისი ბანკში არსებულ ანგარიშებზე. მინდობილობის დეტალების დასაზუსტებლად შესაძლოა მოხდეს ბანკის მხრიდან მომხმარებელთან დაკავშირება.