მავნე პროგრამებიზოგადი ინფორმაცია: ალბათ გსმენიათ ტერმინები: ვირუსი, ტროიანი, რენსომი და ასე შემდეგ, სახელწოდებების დიდი სია არსებობს. ესენი წარმოადგენს მავნე პროგრამების ტიპებს რომელთაც გააჩნიათ სპეციფიური დანიშნულება და გამოიყენება სხვადასხვა მიზნით. კიბერ დამნაშავეებს, აღნიშნული მავნე პროგრამებით კომპიუტერის ან მობილური მოწყობილობის ინფიცირების შემთხვევაში, შესაძლებლობა ეძლევათ წვდომა მოიპოვონ კონფიდენციალურ ან პირად ინფორმაციასთან რომელიც მოთავსებულია ამა თუ იმ მოწყობილობაში. ქვემოთ მოცემული ღია წერილი ემსახურება ცნობიერების ამაღლების მიზანს, თუ რა საფრთხის შემცველია მავნე პროგრამის მოხვედრა თქვენს კუთვნილ მოწყობილობაში და რაც მთავარია როგორ დავიცვათ თავი მისგან.
მარტივად რომ ვთქვათ, მალვეარი ან მავნე პროგრამა არის ისეთივე პროგრამული უზრუნველყოფა რომელსაც ყოველდღიურად იყენებთ (Word, Excel, Outlook, Google Chrome, Internet Explorer და ა.შ.) და რომელიც მრავლად არის თქვენს კუთვნილ მოწყობილობაში, იქნება ეს სახლის კომპიუტერი, ლეპტოპი თუ მობილური ტელეფონი. მაშინ რა არის მთავარი განმასხვავებელი ზემოთ აღნიშნულ უსაფრთხო პროგრამებსა და მავნე პროგრამას შორის?! - მალვეარი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, შემქმნელს - კიბერ დამნაშავეს, მისცეს კონტროლის უფლება მოწყობილობაზე. მავნე პროგრამის დაყენების შემთხვევაში, ბოროტმოქმედს საშუალება ეძლევა მოიპოვოს წვდომა პირად ფაილებზე, ონლაინ სივრცეში თქვენს აქტივობის ამსახველ ინფორმაციაზე, პაროლებზე, ფინანსურ მონაცემებზე ან გამოიყენოს თქვენი კუთვნილი მოწყობილობა სხვისთვის ზიანის მისაყენებლად. მავნე პროგრამას შეუძლია შეგიზღუდოთ წვდომა, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ „მძევლად აიყვანოს" თქვენი კუთვნილი ფაილები და მოგთხოვოთ „გამოსასყიდი" მათ გასათავისუფლებლად. არსებობს მოსაზრება რომ მავნე პროგრამები საფრთხეს უქმნის მხოლოდ Windows ის მომხმარებლების, რაც ნამდვილად არ შეესაბამება რეალობას. სამწუხაროდ მავნე პროგრამების გავრცელების არეალი საკმაოდ დიდია და მოიცავს ისეთ მოწყობილობებს როგორიც არის მობილური ტელეფონები, სათვალთვალო კამერები, WiFi გადამცემები და ავტომობილებიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ Apple ან სხვა პოპულარული კომპანიების ის პროდუქციაზე. რაც უფრო მეტი მოწყობილობის დაინფიცირებას შეძლებს ბოროტმოქმედი მით უფრო დიდია შემოსავლის რაოდენობა, შესაბამისად ნებისმიერი მომხმარებელი წარმოადგენს მავნე პროგრამის სამიზნეს, განურჩევლად ფინანსური შესაძლებლობის, კონფიდენციალური ინფორმაციის არსებობის თუ საზოგადოებრივი სტატუსისა.
არსებობს პოპულარული მოსაზრება: - მავნე პროგრამით ინფიცირებისგან თავის დასაცავად საკმარისია ძლიერი „ანტი-ვირუსის" გამოყენება. სამწუხაროდ ესეც არ შეესაბამება რეალობას, რადგან დღეს არსებული ვერც ერთი ან თუნდაც რამდენიმე „ანტი-ვირუსი" ვერ დაგიცავთ ყველა სახის მალვეარისგან. ერთის მხრივ, კიბერ დამნაშავეები და შესაბამისად მავნე პროგრამები, განიცდიან მუდმივ ევოლუციას, განუწყვეტლივ ეძებენ უსაფრთხოების სისტემებისთვის თავის არიდების მეთოდებს და ისტორიულად ცნობილია რომ მუდმივად ახერხებენ ამას. მეორეს მხრივ, ანტი-ვირუსის მწარმოებელი კომპანიები მუდმივად ცდილობენ განაახლონ თავიანთი პროდუქცია და შეიმუშაონ უკეთესი დაცვის მექანიზმები. მავნე პროგრამების შემქმნელების წინააღმდეგ ბრძოლა დაემსგავსა რბოლას რომელშიც „ცუდი ბიჭები" ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ არიან. რადგან ინფორმაციის უსაფრთხოებას მხოლოდ ანტი-ვირუსს ვერ ვანდობთ საჭიროა პრევენციის დამატებითი გზები ვეძებოთ:
|
|