ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკა თიბისი ბანკი იცავს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის უმაღლეს სტანდარტებს და თიბისი ჯგუფში შემავალი ყველა კომპანიისგან, მათი მენეჯმენტისა და თანამშრომლებისგან ითხოვს ამ სტანდარტების დაცვას, რათა თიბისის პროდუქტები და მომსახურება არ იქნას გამოყენებული ფულის გათეთრებისა და/ან ტერორიზმის დაფინანსებისათვის. თიბისი ბანკში დანერგილი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტანდარტებთან შესაბამისობის პროგრამა შედგება, მაგრამ არ შემოიფარგლება, შიდა პოლიტიკისა და პროცედურების, შიდა კონტროლის და სხვა ქვემოთ ჩამოთვლილი სისტემებისგან:
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შიდა პოლიტიკით განსაზღვრული სტანდარტები ემყარება შესაბამის საკანონმდებლო და მარეგულირებელ ნორმებს, ასევე საუკეთესო პრაქტიკას, რათა თიბისი ბანკი და მისი კლიენტები დაცული იყვნენ ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა თაღლითური ქმედებისგან. თიბისი ბანკი თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგი მთავარი პრინციპების დაცვით: „იცნობდე შენს კლიენტს" პროცესები და კლიენტის იდენტიფიკაციის პროცედურები „იცნობდე შენს კლიენტს" პროცედურები მოიცავს შემდეგ მთავარ საკითხებს: პირის იდენტიფიკაცია, მომხმარებლის მიღების პოლიტიკა, კლიენტების რისკ კლასიფიკაცია და მაღალი რისკის კლიენტების ანგარიშების მუდმივი მონიტორინგი. ნებისმიერი ტრანზაქციის თუ სერვისის მიწოდებამდე, ბანკი აიდენტიფიცირებს და დოკუმენტურად ადასტურებს მომხმარებლის რეალურ ვინაობას, ასევე, მოიპოვებს ინფორმაციას კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ. ბანკი მოიპოვებს და ადოკუმენტირებს ნებისმიერ დამატებით ინფორმაციას, იმისათვის რომ შეაფასოს კლიენტის მიერ ფულის გათეთრების რისკები რისკზე დამყარებული მიდგომით. თიბისი ბანკი არკვევს, მოქმედებს თუ არა მისი კლიენტი მესამე მხარის სახელით, ან იურიდიული პირი მოქმედებს თუ არა როგორც რწმუნებული ან შუამავალი. ასეთ შემთხვევებში ბანკი მოიპოვებს საკმარის დოკუმენტაციას შუამავლის შესახებ და ნებისმიერ იმ პირზე, ვისი სახელითაც მოქმედებს კლიენტი. „იცნობდე შენს კლიენტს" პროცედურები სრულდება ყოველ ჯერზე, როდესაც მომხმარებლები ხსნიან ანგარიშს ან ახალ ბიზნესურთიერთობას ამყარებენ ბანკთან. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე „იცნობდე შენს კლიენტს" პროცედურები ტარდება რისკებზე დამყარებული მიდგომით. ბანკში არ იხსნება ანონიმური ანგარიშები. თიბისი ბანკს აქვს კონტროლის ავტომატიზებული სისტემა, რომლის მეშვეობითაც ბანკი სისტემატიურად ამოწმებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიებში. კორესპონდენტ ბანკებთან ურთიერთობა ბანკს არ აქვს საკორესპონდენტო ურთიერთობა ფიქტიურ ბანკებთან. ბანკი-კორესპოდენტის რისკის შეფასებისას თიბისი ბანკი მნიშვნელობას ანიჭებს საკორესპონდენტო ინსტიტუტის რეპუტაციას, ადგენს, ხომ არ ყოფილა ეს ინსტიტუტი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სქემებში ჩართული ან სხვა სანქციების ობიექტი მარეგულირებლის მხრიდან. საეჭვო ტრანზაქციებისა და ქცევის მონიტორინგი და ანგარიშგება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, თიბისი ბანკი კონკრეტულ ზომებს მიმართავს საეჭვო ტრანზაქციების გამოსავლენად. ბანკი ითვალისწინებს იმ ნიშნებს, რაც შესაძლოა მიუთითებდეს ფულის გათეთრებაზე ან ბადებდეს საფუძვლიან ეჭვს, რომ კლიენტის შემოსავლის წყარო არაკანონიერი საქმიანობიდანაა და გადასცემს შესაბამის ორგანოებს ინფორმაციას საეჭვო ტრანზაქციების შესახებ. საეჭვო ტრანზაქციების/საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი ორგანოებისთვის შეესაბამება საქართველოს კანონს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ, ასევე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის #4 ბრძანებას კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ და სხვა ნორმატიულ აქტებსა და რეგულაციებს. შესაბამისად, ბანკის მთელი პერსონალი ჩართულია საეჭვოობის ნიშნებზე დაყრდნობით უჩვეულო ან საეჭვო ტრანზაქციის გამოვლენის პროცესში. თიბისი ბანკის ყველა თანამშრომელი, რომელიც პირდაპირ ან ირიბ კონტაქტშია მომხმარებელთან, სისტემატიურად გადის ტრენინგებს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ისეთ შემთხვევებში, როცა კლიენტის ქცევა ან მის მიერ განხორციელებული ტრანზაქციები ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების ეჭვს იწვევს. ჩანაწერები და დოკუმენტების შენახვა ყველა დოკუმენტი, რომელიც მოპოვებულია პირის იდენტიფიკაციისას, ასევე, კლიენტის ანგარიშებისა და მის მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია და ჩანაწერები, ასევე სხვა დოკუმენტები ინახება ელექტრონულად სულ მცირე 15 წლის ვადით. თუ გაქვთ კითხვები ან გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია თიბისი ბანკის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის შესახებ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: შესაბამისობის რისკის მართვის განყოფილება უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტი (FATCA) უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) მოთხოვნების თანახმად, 2014 წლის 2 მაისს სს თიბისი ბანკი და მისი შვილობილი საფინანსო ინსტიტუტები დარეგისტრირდნენ აშშ შემოსავლების სამსახურში როგორც FATCA-ს შესაბამისი კომპანიები. FATCA-ს რეგულაციებით, თიბისი ბანკს მოეთხოვება გადახედოს და მოიყვანოს რეგულაციასთან შესაბამისობაში კლიენტების მიღებისა და ანგარიშების გახსნის პროცედურები. სს თიბისი ბანკი ვალდებულია შეაგროვოს და შეამოწმოს კლიენტების აშშ საგადასახადო სტატუსის შესახებ ინფორმაცია, შემდეგ კი ანგარიშგება აწარმოოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების შესაბამისად. სს თიბისი ბანკს მინიჭებული აქვს შემდეგი კოდი GIIN: YWY4EU.00000.LE.268. სს თიბისი ბანკი პროაქტიულად ატარებს ცვლილებებს მის ამჟამინდელ ბიზნესპროცესებში, რათა გახდეს FATCA-ს რეგულაციების შესაბამისი კომპანია და ამავდროულად საუკეთესო მომსახურება შესთავაზოს კლიენტებსა და დაკავშირებულ მხარეებს.
TBC Bank Patriot Act Certification Download
TBC Bank AML Questionnaire Download
Wolfsberg AML Questionnaire TBCBank Download
ბოლო განახლების თარიღი: იანვარი, 2024
|
|